60 წლამდე მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. როგორც კლინიკის ექიმმა განაცხადა, მამაკაცი საზღვარგარეთ მოგზაურობდა და ჩამოსვლის შემდეგ მას ტემპერატურის მატება და ის სიმპტომები აღენიშნებოდა, რომელიც კოვიდ 19-ს ახასიათებს. მამაკაცმა თავდაპირველად ოჯახის ექიმს მიმართა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანა და დაუდასტურდა კოვიდ 19.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არ იციან გამოკვლეულია თუ არა ამ მამაკაცის კონტაქტები , ისინი არ აკონკრეტებენ თუ რომელ ქვეყანაში აქვს მას მოგზაურობის ისტორია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური სიმძიმის, აღენიშნება პნევმონია. პირველწყაროს მოძიებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის დაკავებული. პაციენტს საზღვრის კვეთა თვის დასაწყისში უფიქსირდება. ჩამოსვლის შემდეგ იმყოფებოდა სახლში. რამოდენიმეჯერ ჰქონდა ცხელება და ოჯახის ექიმის მიმართვის შემდეგ, მომართა კლინიკას. სასწრაფო დახმარების მანქანით მოიყვანეს კლინიკაში“, - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ექიმმა.
რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, იქ განაცხადეს, რომ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს შორის ყველაზე მძიმე პაციენტი განიკურნა და დღეს მოხდა მისი გაწერა.
რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად 9 ადამიანის ტესტი არის გადაგზავნილი. მათი პასუხები დღეს მოგვიანებით იქნება ცნობილი.
5 ახალი ინფიცირებულიდან ერთი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას, ორი პაციენტი იმყოფება ბოჭორიშვილის კლინიკაში. ამ დრომდე უცნობია რომელ კლინიკაში იმყოფებიან დანარჩენი ორი პაციენტი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.